წინადადებები

სახალხო დამცველის წინადადება მსტ სახლების ბენეფიციართა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ

2018 წლის 16 აპრილს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბენეფიციართა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად წლების განმავლობაში რჩება არასრულწლოვნების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურებიდან გასული 18 წლის პირების უფლებების დაცვის საკითხი. ხშირ შემთხვევაში, 18 წლის ახალგაზრდა ადამიანი ზრუნვის სისტემას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოუმზადებელი ტოვებს - არ არის დასაქმებული, არ აქვს თავისი ინტერესების შესაბამისი პროფესია, არ არის უზრუნველყოფილი საცხოვრებლით. სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს მომსახურებიდან გასული 18 წლის პირების მხარდაჭერის კონკრეტული სერვისი, რაც მორგებული იქნება მათ ბაზისურ საჭიროებებზე, რათა მიეცეთ განათლების მიღების შესაძლებლობა და დაცული იყვნენ სიღარიბის, ძალადობისა და სხვა საფრთხეებისგან.

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, შემუშავდეს კონკრეტული ქვეპროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარების სათანადო მხარდაჭერას, გარდა ამისა, ცვლილებები შევიდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებაში N601 „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის ნაწილში, მუხლი მე-3, რომლითაც ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფად განსაზღვრული იქნებიან ახალგაზრდები, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მათი უმაღლესი/პროფესიული განათლების მიღებისა თუ სხვა სახის საჭიროებიდან გამომდინარე.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იქნება ეფექტური და უზრნველყოფს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერას მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება