წინადადებები

სახალხო დამცველის წინადადება ინკლუზიური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფის თაობაზე

2017 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ინკლუზიური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფის წინადადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ ინკლუზიური განათლების სფეროში წარმოშობილ კონკრეტულ პრობლემებზე არასათანადო რეაგირება გამოწვეულია პროცესში ჩართული მხარეების ნაკლებ ინფორმირებულობით, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, ასევე საკუთარი ვალდებულებებისა და ფუნქციების შესახებ, რაც საბოლოოდ აზიანებს ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესს. განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა, რომ სათანადოდ არ ხდება ინკლუზიური განათლების შესახებ დაინტერესებული საზოგადოებისა და მშობლების გადამზადება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება.

გამოვლენილი პრობლემიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდა უზრუნველყოს ინკლუზიური განათლების საკითხებზე დამწყებ და მოქმედ პედაგოგ–მასწავლებელთა და სასწავლო დაწესებულებების სხვა პირთა (ადმინისტრაცია, სხვა პერსონალი) გადამზადება; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოახდინოს მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პერსონალის სწავლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ; უზრუნველყოს ინკლუზიური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების გამართვა და მასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა მაქსიმალური ჩართულობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება