წინადადებები.

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით წინადადებით მიმართა

მოქალაქე დ.შ.-ის განცხადების განხილვისას გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად, საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 19 ივლისს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

საკანონმდებლო წინადადება შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს ,,სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება.“ ამავე მუხლის შენიშვნის მე-10 პუნქტის მიხედვით, თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი გათავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან. ამგვარი შესაძლებლობა არ არის დადგენილი იმ პირებისათვის, რომლებსაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდების გამო. საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, მსგავსი მიდგომა უნდა იქნას უზრუნველყოფილი იმ პირთა მიმართაც, რომლებმაც თავი აარიდეს შემოწმებას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად, თუმცა შემდეგ ასეთი შემოწმება გაიარეს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებით მოთხოვნილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომელიც უზრუნველყოფს ამავე კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის გავრცელებას სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდების შემთხვევებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება