წინადადებები.

საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტთან დაკავშირებით

2016 წლის24 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა, კასპის მუნიციპალიტეტში 14 წლის თ.ა.–ს ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტთან დაკავშირებით არაეფექტური რეაგირების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ 14 წლის თ.ა-მ და 17 წლის ა.ვ-მ მშობლების ინიციატივით თანაცხოვრება დაიწყეს. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პირი იყო არასრულწლოვანი და ვერ დადგებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, გამოძიება არ დაწყებულა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თ.ა-ს შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი. მოცემულ შემთხვევაში იკვეთება მშობლების მხრიდან არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების უგულებელყოფა, თუმცა სკოლის დირექციას ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურის ფარგლებში შეტყობინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში არ განუხორციელებია.

საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ თ.ა-ს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევა სრულყოფილად არ შეისწავლა; სახალხო დამცველისადმი მოწოდებულ ინფორმაციაში არ იყო მითითებული განათლების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიების შესახებ, ასევე, არ იყო შეფასებული რამდენად უსაფრთხო გარემოში იმყოფებოდა არასრულწლოვანი და როგორი იყო მისი მდგომარეობა. აღნიშნულს ადასტურებდა ის ფაქტი, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების მიერ ხაზგასმული იყო მხოლოდ ქორწინების ნებაყოფლობითობა, ხოლო კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ადრეულ ასაკში ქორწინების ირგვლივ უნდა გატარებულიყო - არ ჩანდა.

სახალხო დამცველის შეშფოთებას იწვევს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით არასრულწლოვნების და მათი მშობლების მიერ დაწერილი ხელწერილები, რომლებიც ადასტურებდა ბავშვის ინტერესების უგულებელყოფას და მშობლების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს, თუმცა ამ ხელწერილებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო პრობლემის არარსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად იყენებდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოუწოდა სრულყოფილად შეისწავლოს თ.ა-ს შემთხვევა და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთან, შეისწავლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხი.

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდა შეისწავლოს თ.ა.-ს განათლების უფლების შეზღუდვის ფაქტის ირგვლივ, სკოლის დირექციის მიერ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საკითხი, ამასთან შეისწავლოს რამდენად სრულდება ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურით გათვალისწინებული მოთხოვნები მათ უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ და განახორციელოს სათანადო რეაგირება კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევის ფაქტებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება