წინადადებები.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვანის საკუთრების უფლება დაარღვია

2016 წლის 30 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ამავე უწყების გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არასრულწლოვანი ი.ჩ.-ის საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ი.ჩ.-ს მამას, ზ.ჩ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით შეზღუდული ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის ი.ჩ.-ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისებისა და სარგებლობის ნაწილში. 2015 წლის 27 მარტს ი.ჩ.-ს მამამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა მისი არასრულწლოვანი შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც მან, როგორც შვილის კანონიერმა წარმომადგენელმა საკუთარ თავთან გააფორმა და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წინააღმდეგობაში იყო საქართველოს კანონმდებლობის არაერთ ნორმასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა 2015 წლის 1 აპრილს არასრულწლოვანი შვილის უძრავ ქონებაზე მამის, ზ.ჩ.-ს საკუთრების უფლება დაარეგისტრირა.

მოცემულ საქმეში სახალხო დამცველმა დაადგინა არასრულწლოვანი ი.ჩ.-ს საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტი, წინადადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილობა, ასევე, დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის იმ უფლებამოსილი პირების წინააღმდეგ, რომლებმაც მიიღეს არასრულწლოვანი პირის უძრავ ქონებაზე მამის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)