სპეციალური ანგარიშები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობა

2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით ჩატარებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

აღნიშნული მონიტორინგი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება“, ფარგლებში ჩატარდა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მიმართულებით საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში პირველად შემოწმდა.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს მთელი საქართველოს მასშტაბით 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათგან 98 საჯარო და 5 კერძო სკოლაში, გარდა ამისა, 6 სკოლა პანსიონში.

მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კვლავ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და არასათანადო მოპყრობისაგან: ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან; მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის ფართო მასშტაბით გავრცელებული ფორმაა; სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ, ამასთან, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ ხორციელდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მიმართული რეაგირება; არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც.

სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებებისა თუ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ, ამასთან, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, სკოლებს არა აქვთ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა. მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, ყურის აწევა ძალადობად არ მიაჩნია მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9%, მსგავსი დამოკიდებულებები დაფიქსირდა სხვა მრავალი ფორმის ძალადობის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებების მიმართ.

ძალადობის სხვადასხვა ფორმებიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს უფროსების მიერ გამოყენებულ მიმართვად. სკოლის მანდატურის მხრიდან მოსწავლის მიმართ ყვირილის შემთხვევების არსებობა დააფიქსირა მოსწავლეთა- 20.30%, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან-47.10%, დამრიგებლის მხრიდან 61.50%, ხოლო საგნის მასწავლებლის მხრიდან- 78.80%. სკოლის თანამშრომელთა 25 % კი ამას ძალადობად არ მიიჩნევს.

მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სკოლის თანამშრომელთა შორის დაბალია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმის ცოდნა. საქართველოს მთავრობის დადგენილება, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“, როგორც აღნიშნულ შემთხვევებზე რეაგირების სამოქმედო მექანიზმი, რესპონდენტთა მხოლოდ 2.8%-მა დაასახელა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, შეიმუშაოს და წარმართოს კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმების დასახვეწად. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა ძალადობისგან ყოველმხრივ დაცვას მათი საუკეთესო ინტერესების განუხრელი გათვალისწინებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება