სპეციალური ანგარიშები

სპეციალური ანგარიში რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამის მონიტორინგის შესახებ

2016 წლის 18 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში – „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერება“, მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სერვისების მონიტორინგის შესახებ სპეციალური ანგარიშების პრეზენტაცია გამართა.

სპეციალურ ანგარიშებში წარმოდგენილია სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ, 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 ივნისამდე განხორციელებული ზემოთაღნიშნული სერვისების მონიტორინგის შედეგები და სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

მონიტორინგის ფარგლებში, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა შეისწავლა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის 380 და რეინტეგრაციის სერვისის 110 ბენეფიციარის უფლებრივი მდგომარეობა და მეურვეობა–მზრუნველობის რეგიონული საბჭოების სხდომების მუშაობა.

სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მინდობით აღსაზრდელ და რეინტეგრირებულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის ეფექტიანად დაცვისათვის, აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ სფეროში მოქმედი შიდა მექანიზმების არსებითი გაძლიერება და შემდგომი მუშაობა.

სახალხო დამცველის შეფასებით, აუცილებელია, რეინტეგრირებულ ოჯახთა სოციალური ფუნქციის ამაღლება, ფარდობით და უკიდურესად ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრებ რეინტეგრირებულ ბავშვთა გაძლიერება და ამ მიზნით, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა.

მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ეფექტიანობის შეფასებისას, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებისა, ნორმატიულ დონეზე, მინდობით აღზრდის სფეროში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის. პრობლემას წარმოადგენს, ასევე, სახელმწიფო დონეზე მინდობით აღმზრდელთა მომზადებისა და გადამზადების სისტემის არარსებობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება