სპეციალური ანგარიშები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

სპეციალური ანგარიში ასახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში. მასში მოცემულია 2014 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით დაფიქსირებული დადებითი და უარყოფითი ტენდენციები, ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, რაც ხელს უშლის ამ პირთა უფლებების სრულფასოვან რეალიზებას.

ძირითად გამოწვევებად კვლავ რჩება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის დებულებების სათანადოდ იმპლემენტაციის, ასევე კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხები. შშმ პირთათვის მიუწვდომელი ფიზიკური გარემო, ტრანსპორტი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას და ხშირად ხდება მათი დისკრიმინაციის საფუძველი.

სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკა და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რამაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინკლუზიისთვის. კვლავ ვერ ხერხდება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში შშმ პირთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება. ხარვეზები შეინიშნება ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის მიმართულებითაც, ინკლუზიური განათლების სისტემის მიღმაა დარჩენილი ადრეული და სკოლამდელი განათლება, ასევე, უმაღლესი განათლება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვლავ რჩებიან ფიზიკური და მენტალური შეზღუდვის მქონე პატიმრები, რომელთა საჭიროებები სრულად დაკმაყოფილებული არ არის.

არ ხდება რეალური ნაბიჯების გადადგმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის“ 2014–2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმით დადგენილ ღონისძიებათა ნუსხის შესრულებისთვის.

დადებითი მოვლენაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფსიქიური დაავადების გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ქმედუუნაროდ აღიარებისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ; ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, თუმცა, არ არსებობს დოკუმენტში მოცემული სტანდარტების აღსრულების მექანიზმი.

ანგარიშში ასევე გამახვილებულია ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ქალებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის არსებულ ბარიერებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)