სპეციალური ანგარიშები.

ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა

სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებლის ზრდის ფონზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს ძალისხმევას მსხვერპლისთვის ეფექტური სერვისის მიწოდების და განმეორებითი ძალადობისგან დაცვის კუთხით. საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ძალადობისგან დაცვის სერვისები ცალსახად საჭიროებს დახვეწას მსხვერპლთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და დასაქმების მიმართულებით, რაც მხოლოდ თავშესაფრის სერვისის ფუნქციონირებით ვერ მიიღწევა. კვლავ დგას ოჯახში ძალადობის შემთხვევათა შესწავლის პროცესში სოციალური მუშაკების ეფექტურად ჩართვის პრობლემა.

2016 წლის ანგარიშის მომზადებისას, თებერვალი-მარტის პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველმა პასუხისმგებელი უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია გენდერული ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით, მათ შორის ძალადობის პრევალენტური ფორმების, დამცავი მექანიზმების ეფექტიანობისა და ზოგადად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული ტენდენციების გამოვლენისა და შეფასების მიზნით.

უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლისგან განსხვავებით, ანგარიშის მომზადებისას მთავარ პრობლემას წარმოადგენდა გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდება რაც, გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობისათვის ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია და მიანიშნებს იმაზე, რომ რომ ინფორმაციის შეგროვებისა და გაანალიზების კუთხით არსებობს სისტემური ხარვეზი. კერძოდ, პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ არ ხორციელდება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მისი გაანალიზება.

შესწავლის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო ბაზა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები მინიმუმ ძალადობის, თანაცხოვრების ფორმების, განმეორებითობისა და ხანგრძლივობის მიხედვით იქნება გაანალიზებული და შეფასებული. შედეგად, არ არსებობს ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმი, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ძალადობის ფაქტის შემდგომ გამოცემულ დამცავი მექანიზმების ეფექტიანობის მონიტორინგს, პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.

საანგარიშო პერიოდში შემაშფოთებელი იყო ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის გამოვლენა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაფარულ პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნული საკითხები, სახელმწიფოს მხრიდან კოორდინირებულ, თანმიმდევრულ და საჭიროებებზე დაფუძნებულ რეაგირებას მოითხოვს.

მისასალმებელია, რომ 2017 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან გარანტიას შექმნის ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში. თუმცა, 2016 წელს, გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო სივრცის დახვეწისკენ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

საანგარიშო პერიოდში, წინა წლის მსგავსად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს. სამწუხაროდ, მე-9 მოწვევის პარლამენტში ქალთა მონაწილეობა, სპონტანური და არა დაგეგმილი ზრდის შედეგად, კვლავ ძალიან დაბალი რჩება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ასევე მოხდა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე დასაქმებულთა რაოდენობის შეფასება და მონაცემთა გენდერული ანალიზი, რაც ცხადყოფს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გენდერულ ჭრილში თითქმის თანაბარია, თუმცა საგანგაშოა ქალთა დაბალი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.

რაც შეეხება ლგბტი პირთა უფლებრივ მდგომარეობას, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები კვლავ ფორმალური ხასიათისაა და რეალურად არ აისახება იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურად სისტემური ძალადობის, შევიწროების, დევნისა და შეუწყნარებლობისა მსხვერპლია. სახელმწიფოს არ აქვს სისტემური ხედვა თუ როგორ უნდა მოახდინოს ლგბტი ადამიანების საჯარო სივრცეში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა და მათი ჰომოფობიური ძალადობისაგან დაცვა. მთავარ გამოწვევას კვლავ წარმოადგენს ტრანსგენდერი პირებისთვის სქესის სამართლებრივი აღიარების საკითხი. სახალხო დამცველის აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, ამასთანავე სიძულვილის მოტივით ლგბტი თემის მიმართ ჩადენილი დანაშაულების დროულ და ანგარიშვალდებულ გამოძიებას, და ამგვარი დანაშაულის პრევენციისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)