სპეციალური ანგარიშები

ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა

ანგარიში ასახავს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის შესახებ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშესაწყობად. გენდერული მეინსტრიმინგის არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ აღმასრულებელ ხელისუფლების დონეზე, დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია, თუმცა ხელმძღვანელ პოზიციებზე ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. არცერთ სამინისტროს არ აქვს სტრუქტურული ერთეული გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა შესაბამის უწყებებს განსაკუთრებული ყურადღების საგნად ექციათ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა, კვლავ პრობლემას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია და შემთხვევების მართვა. შემაშფოთებელია არასრულწლოვან პირთა ქორწინებისა და არასრულწლოვანი მშობლის რიცხობრივი მაჩვენებელი. ასევე, კვლავ დაბალია საზოგადოების ცნობიერების დონე როგორც რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობასა და უფლებებზე.

შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით არსებული რეალობა. 2015 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა. ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობის 28 შემთხვევა. აქედან, 16 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი. შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ან ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე.

კვლავ გამოწვევას წარმოადგენს სამოქალაქო აქტებში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის ჩანაწერის ცვლილების შესაძლებლობა, რაც ხელშემშლელი ფაქტორია განათლების მიღების, დასაქმებისა თუ სხვა პროცესებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება