სპეციალური ანგარიშები.

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში – მონიტორინგის შედეგები

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №№1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები.

ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ძირითად წყაროს შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების საქმიანობის შეფასება წარმოადგენდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანი იყო მონიტორინგის დროს, დაინტერესებულ პირებთან მიმართებაში, ორიენტირი გეგმის ზეგავლენასა და მიზნებისა და შედეგების თანხვედრაზე გაეკეთებინა.

მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებსა და დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებ ქალებთან, რომლებმაც მათ წინაშე მდგარ პრობლემებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. შეხვედრებზე განხილული იყო ის საკითხები, რომლებიც აქტუალურია, ეხმიანება ქალთა უფლებების დაცვას და შესაძლოა გარკვეულწილად აფერხებდეს მათ რეალიზებას.

მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ პრობლემურია პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების მიერ ქალებისა და გოგონების განსაკუთრებული როლისა და საჭიროებების დანახვა. ასევე, ცალსახად იკვეთება უფრო ინტერსექციური გეგმის შემუშავების საჭიროება და მედიაში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების მეტი გაშუქება. გარდა ამისა, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ისევე როგორც სექსუალური ძალადობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონებისთვის სპეციფიკური ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების შეთავაზება.

2016-17 წლებში სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ქალებისა და გოგონების საკითხების წინ წამოწევა ხშირად ინდივიდუალური ძალისხმევისა და ინიციატივების საფუძველზე ხდება. შესაბამისად, აუცილებელია მომავალში კარგად გაანალიზდეს, თუ რა პრობლემების წინაშე დგანან კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და დევნილი ქალები და გოგონები და წინამდებარე ანგარიშის რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნას შემდგომი ეროვნული სამოქმედო გეგმის (2018-2020) შემუშავების პროცესში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)