სპეციალური ანგარიშები.

პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა საქართველოში

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა, მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა და წინამდებარე სპეციალურ ანგარიშში ასახა გამოვლენილი პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზები.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მექანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია დროულად გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რათა პატიმრები სრულად იყვნენ ორიენტირებულნი სასჯელის მოხდის პერიოდში მათზე დაკისრებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებასა და რესოციალიზაციის პროცესზე, შედეგად კი ჰქონდეთ ამ მექანიზმით ეფექტურად სარგებლობის იმედი.

წინამდებარე სპეციალურ ანგარიშში გაანალიზებულია პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის 2018-2019 წლების პრაქტიკა. სახალხო დამცველის აპარატმა ჯამში გამოითხოვა და გააანალიზა ექვსივე ადგილობრივი საბჭოს მიერ 1 413 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. დაესწრო ექვსივე საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენით ჩატარებულ სხდომებს და შეისწავლა სასამართლოს 95 გადაწყვეტილება.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ

  • ადგილობრივი საბჭოები გადაწყვეტილებებს არ ასაბუთებენ და არ მიუთითებენ კონკრეტულ მოტივაციაზე, რის გამო ანიჭებენ ერთ კრიტერიუმს უფრო მეტ ყურადღებას და სხვა ნაკლებს
  • გადაწყვეტილებები არაერთგვაროვანია და საბჭოს მსგავსი ფაქტობრივი მოცემულობის მქონე საქმეებში განსხვავებული გადაწყვეტილებები გამოაქვს
  • საბჭო, ხშირ შემთხვევაში, არ აქცევს ყურადღებას დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ხანდაზმულობას, გადაცდომის სიმძიმეს, დაკისრებული სახდელის სიმძიმეს და არც გადაცდომის შემდგომ პერიოდში პატიმრის დადებითად შეცვლილ ქცევას. შედეგად, თუნდაც წლების წინ ერთი მცირე სახის დისციპლინური გადაცდომა პატიმრისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს
  • საბჭოს რიგ გადაწყვეტილებებში უზუსტობები ფიქსირდება, რაც ხშირ შემთხვევაში, პატიმრისთვის საუარესო გადაწყვეტილების წინაპირობა ხდება;
  • არ არის განჭვრეტადი საბჭოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მოტივაცია
  • სასამართლო პრაქტიკა არაერთგვაროვანია. სასამართლო იდენტურად არ განმარტავს ადგილობრივი საბჭოების დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებსა და სასამართლოს მხრიდან საბჭოს დისკრეციული უფლებამოსილებით მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასების წესს

პრაქტიკული ხარვეზების პარალელურად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია დაიხვეწოს ნორმატიული ბაზა და პირობით ვადამდე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პროცესში უფრო მეტ კრიტერიუმს მიექცეს ყურადღება, მათ შორის, ისეთ ასპექტებს, რომელიც მიემართება მსჯავრდებულის სამომავლო გეგმებს, პერსპექტივებს, შესაძლებლობებს და სხვა საკითხებს.

წინამდებარე სპეციალურ ანგარიშში ასევე საუბარია 2013-2014 წლების შემდგომ პროგრესზე. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი პირველად სწორედ ამ პერიოდში მოექცა სახალხო დამცველის სპეციალური ყურადღების ობიექტში.

ანგარიშში ხაზგასმულია 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, დაფიქსირებული პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევების მზარდი სტატისტიკა. თუმცა, ცხადია სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება ავტომატურად არ გულისხმობს მუშაობის ხარისხის ზრდას.

სახალხო დამცველი მიესალმება პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიასა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში პირობით ვადამდე გათავისუფლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების, ახალი შეფასების სისტემისა და პროცედურების შემუშავების აუცილებლობის გათვალისწინებას და იმედს იტოვებს, რომ ეს პროცესი მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდება; მექანიზმის რეფორმირების პროცესში კი გათვალისწინებული იქნება სახალხო დამცველის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები და გაცემული რეკომენდაციები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება