სპეციალური ანგარიშები

ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების (თავშესაფრის) მონიტორინგის ანგარიში 2018

მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ბენეფიციართა უმეტესობა კმაყოფილია თავშესაფრის მომსახურებით და დადებითად აფასებს ადმინისტრაციისა და პერსონალის ძალისხმევას. გასაუბრებისას აღნიშნეს, რომ მსხვერპლები და დაზარალებულები თავშესაფარში თავს გრძნობენ დაცულად და მუდმივად გრძნობენ მხარდაჭერას.

ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეფასების შედეგად იკვეთება, რომ გენდერული ძალადობა კვლავ გამართლებულია საზოგადოების მხრიდან და ძალადობის მსხვერპლებს, ძალადობისგან თავის დაღწევის პროცესში მუდმივად ჰქონდათ დაუცველობის და უსამართლობის განცდა. მსხვერპლების/დაზარალებულების გარკვეული ნაწილისთვის ასევე დიდ გამოწვევას წარმოადგენდა სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობა, რომელიც განპირობებული იყო მათ მიმართ ნდობის ნაკლებობასთან. ამას ართულებს ის ფაქტიც, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ვერ იღებენ ამომწურავ ინფორმაციას ქვეყანაში არსებული დაცვისა და დახმარების მექანიზმების შესახებ, მათ შორის თავშესაფრის სპეციფიკასთან დაკავშირებით.

წინა წლების მსგავსად, პრობლემურია თავშესაფარში განთავსებისთანავე მსხვერპლთა/დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რადგან თავშესაფარში განთავსებულ პირთა ჯანმრთელობის შემოწმება უმეტესად ხდება ზეპირი გასაუბრების საფუძველზე, რაც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შემთხვევაში რისკის შემცველია თავშესაფარში განთავსებული ბენეფიციარებისა და პერსონალისთვის.

თავშესაფრებში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების შეზღუდული რაოდენობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი - მათი არარსებობა. ამასთან, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურის საკითხი.

მნიშნელოვანია თავშესაფრებმა იზრუნონ მსხვერპლთა გაძლიერებაზე განათლების კუთხით, რომელიც ასევე უკავშირდება დასაქმების პროგრამებში ჩართვას და მათი დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მომზადებას. ამ მიმართულებით, აუცილებელია მოხდეს თავშესაფრების თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა არასამთავრობო და სერვისის მომწოდებელ ორგანიზაციებთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება