სპეციალური ანგარიშები.

კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში

სპეციალური ანგარიში ასახავს საქართველოში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების მძიმე შედეგებს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, ასევე, მის დემოკრატიულ განვითარებაზეც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს კონფლიქტით დაზარალებულ პირებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 20-25%-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ღია საბრძოლო მოქმედებები აღარ მიმდინარეობს, კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობა ჯერ ისევ მწვავედ განიცდის ომის შედეგებს და დღემდე ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.

ისევე როგორც წინა წლებში, 2014 წელსაც მოსახლეობის უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემად რჩება დაკავებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2014 წელს რუსმა სამხედროებმა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე 142 პირი დააკავეს, აფხაზეთის მიმართულებით კი 380, რომელთა უმეტესობა გალის რაიონის მკვიდრია.

ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, 2014 წელი განსაკუთრებით მძიმე გამოდგა გალის რაიონის მცხოვრებთათვის. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ზონებში დიდი ხანია აღარ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, ფორმალური და არაფორმალური სტატუსის შეიარაღებული ფორმირებები აგრძელებენ უკანონო მოქმედებებს და არღვევენ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებს. დე ფაქტო სამართალდამცავი სტრუქტურები, არა მხოლოდ ვერ უმკლავდებიან კრიმინალურ სიტუაციას, ხშირად თავადაც არღვევენ ადამიანის უფლებებს. საქართველოს ხელისუფლებას აკისრია პოზიტიური ვალდებულებები გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული საშუალება, რათა აღკვეთოს კრიმინოგენული სიტუაცია და უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება და მათი უფლებების სრული დაცვა.

2008 წლის საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ადამიანთა გაუჩინარების შემთხვევები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში პირველად 2014 წელს დაფიქსირდა. მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში, სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეების გამოძიება ეფექტურად, შემჭიდროვებულ ვადებში წარმართონ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება