სპეციალური ანგარიშები.

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში

გამოქვეყნდა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“. ანგარიში დაიწერა მონიტორინგის საფუძველზე, რომელიც სახალხო დამცველმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით განახორციელა.

მონიტორინგის მიზანი იყო ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება.

მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა არაერთი სისტემური პრობლემა, რომელიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევებს იწვევს.

  • ქვეყანაში არ არის დანერგილი გზამკვლევი, რომელიც ხელს შეუწყობს ორსულობისა და ლოგინობის ხანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალის მკურნალობასა და მოვლას. ამასთან, სამედიცინო პერსონალი მუშაობისას ნაკლებად ხელმძღვანელობს ეროვნულ გაიდლაინებში რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოცემული მინიმალური რეკომენდაციებით
  • შემოწმებულ დაწესებულებებში არ ხდება ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მონიტორინგი მკურნალობის პროცესში. საჭირო ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობა პრობლემურია როგორც ფსიქიატრიული, ისე სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებისთვის. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სტაციონირებისას ქალი დროულად არ მოწმდება შესაძლო ორსულობაზე. დაწესებულებებში ხანგრძლივი დროით მოთავსებულ ქალთათვის კი გინეკოლოგიური მომსახურება არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი
  • ქალები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით, არ არიან ჩართულნი დაავადებათა ადრეული გამოვლენის სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში (გარდა C ჰეპატიტის სკრინინგისა). განსაკუთრებით პრობლემურია ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კვლევების მიუწვდომლობა.
  • სამედიცინო პერსონალის, კერძოდ, ექიმი-ფსიქიატრებისა და გინეკოლოგების ცოდნა/ინფორმირებულობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ფსიქოტროპული მედიკამენტების ზეგავლენისა და მათი კორექციის გზების შესახებ, არადამაკმაყოფილებელია. ასევე, მკვეთრად დაბალია პაციენტების/ბენეფიციარების ცოდნა მათი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. მათ არ აქვთ ინფორმაცია დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტების არასასურველი გვერდითი ეფექტების შესახებ, მათ შორის, წამლების ზეგავლენის შესახებ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
  • სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული კონსულტანტი გინეკოლოგების კონსულტაცია მეტწილად ფორმალური ხასიათისაა და გასაუბრებით და ზედაპირული გასინჯვით შემოიფარგლება.

აღნიშნული და სხვა მნიშვნელოვანი მიგნებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ კვლევის ანგარიშში.

მიმაგრებული ფაილები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება