სხვა ნიშანი

საქართველოს სახალხო დამცველი შპს „სისი ლოუნს“ დისკრიმინაციული სტერეოტიპების შემცველი რეკლამების მოხსნისკენ მოუწოდებს

2016 წლის 9 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სისი ლოუნს“ სწრაფი სესხის შესახებ სარეკლამო რგოლებთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ ტელევიზიით და ინტერნეტით გავრცელებული რეკლამები ერთი მხრივ, ტრანსგენდერი, მეორე მხრივ კი ფინანსური სიდუხჭირის მქონე ადამიანების მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობს ხელს.

შპს „სისი ლოუნის“ ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში წარმოდგენილია სცენა, თუ როგორ ეწევიან ადამიანები პროსტიტუციას. რეკლამის მთავარ პერსონაჟ – მამაკაცს აცვია კაბა და ახურავს პარიკი (სავარაუდოდ გაშარჟებულია ტრანსგენდერი ადამიანი). რეკლამის ბოლოს მას ურეკავს დედა, რომელსაც იგი ეუბნება რომ არ სცალია, მუშაობს.[1] მეორე სარეკლამო რგოლში დედა შვილის ყულაბიდან იპარავს ფულს. ამ დროს ოთახში შემოდის გაოცებული შვილი, დედა ცდილობს გაიქცეს და ბავშვს ობობით აშინებს.[2] მესამე რეკლამაში შვილიშვილს ეტლით მოსარგებლე ბებია მიჰყავს ლომბარდში. შვილიშვილი ლომბარდში აბარებს ეტლს, ბებია კი ზურგზე მოკიდებული მოჰყავს.[3]

სახალხო დამცველმა არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებას შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს დისკრიმინაციული სტერეოტიპების წახალისების თავიდან აცილების ინტერესთან მიმართებით და შპს „სისი ლოუნს“ მიმართა, ამოიღოს რეკლამები სატელევიზიო და ინტერნეტ სივრციდან, ხოლო მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის შემცველი რეკლამების გავრცელებისგან და სარეკლამო რგოლების მომზადებისას პატივი სცეს ადამიანის ღირსებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)