სიახლეები

ტრენინგი მშობლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე

2015 წლის 31 ოქტომბერს, 7 და 14 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა, სოფელ კაბალის, იორმუღანლოსა და ყარაჯალის მოსახლეობასთან ადრეულ ასაკში ქორწინების თემაზე სამი ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციის „ვეჟინი“ ორგანიზებით გაიმართა, პროექტის „ადრეული ქორწინება – გაუცნობიერებელი პასუხისმგებლობა“ ფარგლებში. თითოეულ ტრენინგს ოცამდე ადგილობრივი მოსახლე (ცოლ–ქმარი) და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ტრენინგებზე განხილულ იქნა ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზები, არსებული პრაქტიკა და მისი გადაჭრის გზები. სამივე თემის წარმომადგენლებმა სხვადასხვა მიმართულებით ისაუბრეს. კაბალის მოსახლეობა აღნიშნავდა გოგონების მოტაცების დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკას, დამსწრეებმა გოგონების სწავლის შეწყვეტის მიზეზად მათი მოტაცების საფრთხე დაასახელეს. იურმუღანლოს თემის წარმომადგენლებმა ე.წ დანიშვნის წესზე ისაუბრეს, რომელსაც, როგორც ირკვევა, ძალიან ხშირი ხასიათი აქვს. მათი თქმით 7-8 კლასებში თითქმის ყველა გოგონა დანიშნულია, თუმცა აღნიშნეს, რომ ქორწინება 16 წლამდე არ ხდება. ყარაჯალის მაცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ მშობლები ძალიან ხშირად თავად არიან ბავშვების დაქორწინების ინიციატორები, ასე ერთგვარად ზრუნავენ მათ მომავალზე, რომ აარიდონ ისინი არასასურველ ურთიერთობებს მომავალში.

ტრენინგებზე საუბარი შეეხო არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებს, საერთაშორისო დოკუმენტებს, სახელმწიფო სტრუქტურების ვალდებულებას ბავშვთა უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირების დროს და განიმარტა სახალხო დამცველის როლი და პასუხისმგებლობა ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების არსებობისას.

ტრენინგები განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ადგილობრივ პედაგოგებისა და მშობლებს პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტების შემცირებაზე.

პროექტი „ადრეული ქორწინება – გაუცნობიერებელი პასუხისმგებლობა“ ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)