სიახლეები

თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მონიტორინგი

2016 წლის 13 და 30 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა თბილისის ტრეფიკინგის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების – თავშესაფრების მონიტორინგი განახორციელა, რომელსაც ადმინისტრირებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი უწევს.

მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა მომსახურების დაწესებულებებში (თავშესაფრებში) არსებული მდგომარეობის შეფასება, დარღვევების გამოვლენა, მათზე რეაგირება და რეკომენდაციების მომზადება. მონიტორინგის ფარგლებში შემოწმდა როგორც თავშესაფარში არსებული ფიზიკური გარემო, ისე კვების კუთხით არსებული მდგომარეობა და სერვისის მიწოდების ხარისხი. გამოიკითხა ბენეფიციარები და თავშესაფრის ადმინისტრაცია.

თავშესაფარში ვიზიტისას გაირკვა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან ტრეფიკინგის მსხვერპლთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებები გაერთიანდა და ადმინისტრაციული პერსონალი ორივე კატეგორიის მსხვერპლებისთვის საერთო გახდა. შესაბამისად, ვიზიტის დროს თავშესაფრების გაერთიანებისა და რეორგანიზაციის გამო მიმდინარეობდა სხვადასხვა ნივთების, მარაგში არსებული პროდუქტებისა თუ ინვენტარის გადაადგილება. სწორედ ამიტომ, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა 30 სექტემბერს განახორციელა განმეორებითი ვიზიტი, რათა შეემოწმებინა ის ხარვეზები, რაც რეორგანიზაციის მიზეზით იყო გამოწვეული და საჭიროებდა გამოსწორებას.

მონიტორინგის პირველადი შედეგები ცხადყოფს, რომ თავშესაფარში კეთილსაიმედო გარემოა შექმნილი როგორც ოჯახში ძალადობის, ისე ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის. მომსახურების მიმღები პირები პოზიტიურად აფასებენ მიწოდებულ სერვისსა და მათდამი მოპყრობას, თუმცა გამოვლინდა რიგი საკითხებისა, რაც საჭიროებს სერვისის დახვეწას.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 20 აგვისტოდან თავშესაფრის ფსიქოლოგი იმყოფებოდა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში და ამ მოვალეობის შემსრულებლის აყვანა თავშესაფარმა მხოლოდ 1 თვით დაგვიანებით უზრუნველყო; ამ პერიოდში თავშესაფარში მყოფ პირებს ფსიქოლოგის სერვისი არ მიეწოდებოდათ.

იმავე მიზეზით, შვებულებაში იმყოფებოდა სოციალური მუშაკი, რომლის ფუნქცია/მოვალეობებს ასრულებდა ძიძა. რაც შეეხება ძიძის ფუნქციებს, აღნიშნულ მოვალეობას ითავსებს თავშესაფრის ის პერსონალი, რომელსაც დღის განმავლობაში გამოუჩნდება თავისუფალი დრო. ამ მიმართულებით, საჭიროა დროულად მოხდეს პერსონალის ჩანაცვლება და მკვეთრად გაიმიჯნოს მათი პასუხისმგებლობები, რაც პირდაპირ აისახება თავშესაფარში განთავსებული პირებისთვის სერვისის მიწოდების ხარისხზე.

თავშესაფარს არა აქვს ცალკე იურისტის შტატი. როგორც მონიტორინგის განხორციელებისას გაირკვა, ბენეფიციარებს, საჭიროების შემთხვევაში იურიდიულ დახმარებას უწევს როგორც ცხელი ხაზის იურისტი, ასევე, ფონდის ცენტრალური ოფისის სამართლებრივი დეპარტამენტის იურისტები. აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის საკითხებზე, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ თავშესაფარში მოხვედრისას ბენეფიციარის მდგომარეობის შემოწმება ფორმალური ხასიათისაა და გულისხმობს მხოლოდ ზეპირ გამოკითხვას მიმდინარე და გადატანილი დაავადებების შესახებ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ინფექციური დაავადებებისა და სხვა რისკების პრევენციის მიმართულებით გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.

რაც შეეხება თავშესაფრის ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებულ ხარვეზებს, შენობის პირველი სართული ნესტიანია, რის გამოც გამოიკვეთა სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. ოთახები არ არის უზრუნველყოფილი კონდიცირებით, აბაზანაში საშხაპე კაბინებს შორის დაცული არაა პრივატულობა, სველი წერტილების ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. თავშესაფრის სრული დატვირთვის შემთხვევაში სველი წერტილების რაოდენობა არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტს. ამასთან, მოსაწყობია ფიზიკური გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების შეფასებას სერვისის შემდგომი დახვეწის მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)