სიახლეები

შეხვედრები სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში

2017 წლის 25 და 26 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის და რეგიონულ დეპარტამენტების თანამშრომლებთან ერთად, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში (ზუგდიდი, ანაკლია, ჯვარი, ფოცხო ეწერი) საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციების, სათემო ფონდის წარმომადგენლები და დევნილი ქალები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრაზე მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ქალები ძირითადად არ ფლობდნენ ინფორმაციას მათ უფლებებსა და არსებულ სახელმწიფო სერვისებზე.

ისაუბრეს გადაადგილების პრობლემებზე, უმუშევრობასა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღების საკითხებზე; ასევე, ოჯახში ძალადობის შემთხევებზე, საზოგადოების მხრიდან სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არაჯეროვან რეაგირებაზე.

მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, როგორც რეზოლუცია „ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის მანდატისა და ქვეყანაში არსებულ სხვა სერვისებზე.

შეხვედრები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი იყო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების, ასევე, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის შეფასება.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს, ქალებისა და გოგონების საჭიროებების გამოვლენისა და ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება