სიახლეები

სექსუალური შევიწროების პრევენციის საკითხებზე სახალხო დამცველის პრაქტიკის გაზიარება

2015 წლის 20 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სხილაძე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანგარიშის „მსოფლიოს ქალთა პროგრესი 2015-2016 – ეკონომიკის ტრანსფორმაცია, უფლებების განხორციელება“ პრეზენტაციას დაესწრო და სექსუალური შევიწროების პრევენციის საკითხებზე მოხსენება წარადგინა.

ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, სექსუალური შევიწროების საკითხებზე გამართულ დისკუსიაზე ეკატერინე სხილაძემ ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და სახალხო დამცველის პრაქტიკის შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, 2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროებისათვის შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტის შესახებ. დოკუმენტის მიღებით, სახალხო დამცველმა, ერთი მხრივ მიზნად დაისახა, სექსუალური შევიწროებისაგან თავისუფალი გარემო შეუქმნას დასაქმებულებს, ხოლო მეორე მხრივ ამ ნაბიჯით მოუწოდა სხვა უწყებებს თავისი წვლილი შეიტანონ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაში.

დისკუსიაზე ასევე მოხსენებებით წარსდგნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენლები.

შეხვედრის დასასრულს გამართული დისკუსიის დროს, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ესაუბრათ სექსუალური შევიწროების პრობლემის, მისი პრევენციისა და მოგვარების გზების შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)