სიახლეები

სექსუალური შევიწროება - რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ

2017 წლის 31 მარტს სახალხო დამცველმა გამართა მორიგი საჯარო დებატები, რომელიც სექსუალური შევიწროვების საკითხს მიეძღვნა. დებატებზე იმსჯელეს სექსუალური შევიწროების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე. ასევე განიხილეს სექსუალური შევიწროების შემთხვევების პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების საკითხები.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ხაზი გაუსვა სექსუალური შევიწროვების შემთხვევაში მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკასა და შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმების არ არსებობას. 2017 წლის 28 მარტს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სპეციალური წინადადებითაც მიმართა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, რომელიც ‘სტამბოლის კონვენციით’ აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხება და მოითხოვა კანონმდებლობით სექსუალური შევიწროების დარეგულირება.

„ჩვენ კვლავ აქტიურად მოვითხოვთ საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას, თუმცა საკანონმდებლო რეგულირებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამსაქმებელთა მიერ შიდა ინსტიტუციური რეაგირების მექანიზმების დანერგვას. ამ მხრივ აღსანიშნავია სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკა სექსუალური შევიწროების პრევენციისათვის შიდა უწყებრივი რეაგირების მექანიზმის შემოღების შესახებ“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით მომზადდა ელექტრონული სასწავლო კურსი სექსუალური შევიწროების საკითხებზე.

დებატებზე მოხსენებით წარსდგნენ სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარი წერეთელი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.

ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა II“ მიერ დაფინანსებული სახალხო დამცველის საჯარო დებატები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება.

31.03.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება