სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება მ.ხ–ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტის გაშუქებასთან დაკავშირებით

გენდერული უთანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. საზოგადოებაში მყარადაა ფესვგადგმული სტერეოტიპული განწყობები და დისკრიმინაციული პრაქტიკები, რაც ხშირად ქალთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევით სრულდება. განსაკუთრებით საშიშია ტრადიციასა და კულტურულ ადათებს ამოფარებული წესები, რომლებიც ორმაგ მორალურ სტანდარტს ეფუძნება (რაც ეპატიება კაცს, არ ეპატიება ქალს) და არღვევს ქალის უფლებებსა და თავისუფლებებს. აღნიშნულ დისკრიმინაციულ პრაქტიკებს, საზოგადოება არათუ ებრძვის, ხშირ შემთხვევაში თანაგრძნობას გამოხატავს მოძალადეების მიმართ. აღნიშნულს ადასტურებს ტელე იმედის ეთერში 26 ივლისს გასული სიუჟეტი ახალგაზრდა ქალის მიმართ ქმრის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შესახებ იმ მიზეზით, რომ იგი არ იყო ქალიშვილი.

საზოგადოების ცნობიერების შეცვლისა და სწორი მიდგომების დამკვიდრებაში მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი წამყვანი როლი მედიასაშუალებებს და მათ სარედაქციო პოლიტიკას უკავიათ. სწორედ მათ შეუძლიათ ხმა მიაწვდინონ თითოეულ ოჯახს და დაანახონ რეალური პრობლემები, მათი სიმძიმე და შედეგები, დადებითი წვლილი შეიტანონ ისეთი ფასეულობების დამკვიდრებაში, რომლებიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას განაპირობებს.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა მსურს აღვნიშნო, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტების გაშუქება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს, რათა არ მოხდეს არსებული დისკრიმინაციული სტერეოტიპებისა და პრაქტიკის გამყარება.

ჟურნალისტური ქარტიის მე–10 მუხლის თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.“ტელე იმედის ეთერით გასული სიუჟეტი ახალგაზრდა ქალის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობრივი ქმედებების შესახებ, მომზადებული იყო იმგვარად, რომ არღვევდა პირის უფლებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე. ამ ადამიანისთვის მიყენებული უმძიმესი ტრავმების ფონზე, სიუჟეტში იყო კადრები სადაც აშკარად ჩანდა, მისი სახე და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სიუჟეტში განიხილებოდა დაზარალებული ახალგაზრდა ქალის ინტიმური ცხოვრების დეტალები იმგვარად, რომ გადაფარა ქალის მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის პრობლემის სიმძაფრე და მისთვის მიყენებული ტრავმიდან გამომდინარე რეალური საჭიროებები.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ძალადობის შემთხვევების გაშუქებას, გაითვალისწინონ მსხვერპლის ინტერესები და მხედველობაში მიიღონ მათთვის მიყენებული ტრავმები. განსაკუთრებული მგრძნობელობა გამოიჩინონ ქალთა დისკრიმინაციის შემთხვევების მიმართ და ნუ შეუწყობენ ხელს არსებული დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამყარებას.

ასევე მივმართავ სახელისუფლებო ორგანოებს, ყველა ზომა გამოიყენონ, რათა აღნიშნულ შემთხვევაზე მოხდეს ადეკვატური გამოძიება და გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, როგორც ფაქტზე რეაგირების, ასევე მსხვერპლის დაცვის და მისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)