სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება დედის დღესთან დაკავშირებით

სრულიად საქართველოს ვულოცავ დედის დღეს. 3 მარტი საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება, თუმცა დედის დღის მსოფლიო ისტორიას უფრო ადრეული საწყისები გააჩნია. ამ დღის აღნიშვნა ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ექცევა, როდესაც ვიხსენებთ ქალთა განუზომელ წვლილს, მიღწევებს დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისა და განვითარების სხვადასხვა სფეროში.

დედის დღე არ არის მხოლოდ ყვავილებისა და მისალოცი ბარათებისათვის. ესაა დღე უფლებების, ქალთა წვლილის პატივისცემისა და მათი როლის დაფასებისათვის. დედობის დაცვა და მხარდაჭერა ქვეყნისა და საზოგადოების მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი შვილების აღზრდის ტვირთი არ დავაკისროთ მხოლოდ ერთ მშობელს. ორივე მშობელი და საზოგადოება თანაბრად უნდა ვინაწილებდეთ პასუხისმგებლობას მომავალი თაობების აღზრდა-განვითარებისათვის.

სწორედ ამიტომ, მინდა განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე მარტოხელა დედებს, რომელთაც მარტომ იკისრეს შვილის აღზრდა-განვითარებისათვის ზრუნვა სამართლებრივი სტატუსის, სახელმწიფო დახმარებისა და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე. საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპული შეხედულებების გამო ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი ოჯახსა და საზოგადოებაში. მინდა მივულოცო მრავალშვილიან დედებს, რომელთაც საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის ფონზე, ასევე დახმარების გარეშე უწევთ შვილებზე ზრუნვა.

მინდა მივულოცო ყველა ქალს, რომელიც ცხოვრობს დევნილობაში, სიღარიბის ზღვარს მიღმა, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსით ან ზრდის განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების მქონე შვილს. ეს დღე არის თქვენთვის, თქვენი უფლებების, წვლილისა და ღვაწილის დაფასებისათვის და ვისურვებდი შემდეგი წელი უკეთესი ყოფილიყოს თქვენი და თქვენი ოჯახებისათვის.

მოვუწოდებ სახელმწიფო უწყებებს, მოხდეს მარტოხელა დედის სტატუსის განსაზღვრა საკანონმდებლო დონეზე და უზრუნველყოფილი იქნას დაცვისა და დახმარების სახელმწიფო პროგრამების ამოქმედება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ქალთა დაუცველი ჯგუფების წარმომადგენელთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს, მათ შორის მრავალშვილიანი, მარტოხელა და ოჯახის მარჩენალი ქალების.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)