სიახლეები

სახალხო დამცველი გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

2015 წლის 9 ნოემბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელ დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა, რის შემდეგაც ომბუდსმენმა გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან ერთად ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა.

შეხვედრაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ქალთა მკვლელობების შემაშფოთებელ მასშტაბები, ასევე ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებების განხორციელების გამოწვევები განიხილეს.

„მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი მტკიცე ნება და ჩართულობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებებით. ჩვენი საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება გენდერული თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩვენს მიერ მომზადებული არაერთი სპეციალური ანგარიში, სახელმწიფო სერვისების შეფასება და ინდივიდულური საქმისწარმოების პროცესი ნათლად გვიჩვენებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში არსებულ გამოწვევებს. ერთი მხრივ, საზოგადოების დამოკიდებულებას, ხოლო მეორე მხრივ შესაბამისი სტრუქტურების მიერ საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის საჭიროებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის შეფასებით საქართველოში არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, თუმცა კვლავ რჩება ხარვეზები. დუბრავკა სიმონოვიჩს განცხადებით მნიშვნელოვანია ქვეყანამ ორიენტირი გააკეთოს ძალადობის დაძლევისა და პრევენციის ნაწილზე.

სახალხო დამცველმა გაეროს სპეციალური მომხსენებელი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია. დუბრავკა სიმონოვიჩი მზად არის შეისწავლოს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და კონკრეტული რეკომენდაციები მიაწოდოს საქართველოს მთავრობას.

9.11.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)