სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის წერილობითი მოსაზრება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსადმი

2015 წლის 26 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 27/32 რეზოლუციის „ადამიანის უფლებები, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა“ ფარგლებში წერილობითი მოსაზრება წარუდგინა.

საქართველოს სახალხო დამცველის წერილობით მოსაზრებაში ასახულია საქართველოში ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური უფლებების განხორციელებისას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით უფლებადარღვევის ფაქტებს; ასევე, 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოს სახალხო დამცველის წერილობით მოსაზრებაში აღინიშნა, რომ ლგბტ პირები განიცდიან ძალადობას და უთანასწორო მოპყრობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ოჯახსა და საზოგადოებაში. საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ დამოკიდებულებებთან ერთად კვლავ გამოწვევას წარმოადგენს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშუალების დროული, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიების საკითხი. 2013 წლის 17 მაისს მომხდარ ძალადობის არც ერთ ფაქტზე არ დამდგარა სამართლებრივი შედეგი და არავინ დასჯილა სიძულვილით განპირობებული ფიზიკური ძალადობის ჩადენისთვის. ამასთან, ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები არასაკმარისადაა გათვალისწინებული კანონმდებლობაში, რაც ზოგ შემთხვევაში, მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევით სრულდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)