სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა

2017 წლის 15 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში ევროკავშირის დელეგაციის წევრები: მთავარი მრჩეველი გენდერისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საკითხებში მარა მარინაკი და ევროკავშირის წარმომადგენელი ადამიანის უფლებებისა და გენდერის მიმართულებით ტაინა იარვინენი საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს ეკატერინე სხილაძეს შეხვდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის მანდატისა და აპარატის საქმიანობის შესახებ გენდერული თანასწორობის კუთხით. ხაზი გაუსვა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის N1325 „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ მიმართულებას; აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი დიდ ყურადღებას უთმობს სამოქმედო გეგმების მონიტორინგსა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, რაც ევროკავშირისთვის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ანა ილურიძემ ისაუბრა საკანონმდებლო ხარვეზებზე და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით სახალხო დამცველის აპარატის როლსა და შესაძლებლობებზე, მათ შორის, ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგსა და საინფორმაციო შეხვედრებზე სამიზნე ჯგუფებთან.

ევროკავშირის წარმომადგენელმა მარა მარინაკიმ კამპანიების და პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით სახალხო დამცველის საქმიანობის მნიშვნელობას და ევროკავშირის პოლიტიკურ და ფინანსური მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება