სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება სექსუალური შევიწროების დეფინიციის განსაზღვრისთვის მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ

მისასალმებელია საქართველოს პარლამენტის წევრების თამარ კორძაიას და თამარ ხიდაშელის საკანონმდებლო ინიციატივა სექსუალური შევიწროების დეფინიციის განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი სანქცირების შემოღების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინიციატივით გაზიარებული იქნა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია და შესწავლის შედეგები, რომელიც სექსუალური შევიწროების მასშტაბების, პრობლემის დაფარული ხასიათისა და საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობის შესახებაა.

სამწუხაროდ, სექსუალური შევიწროება კვლავ გავრცელებული, თუმცა ტაბუ დადებული პრობლემაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქალთა და მამაკაცთა კეთილდღეობას, ამცირებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს და აკნინებს გენდერული თანასწორობის ხარისხს. საზოგადოებაში არსებულ დამოკიდებულებასთან ერთად, საკანონმდებლო რეგულირების არარსებობა პრობლემის იდენტიციფირების და შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობას არ იძლევა.

საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს დასაქმების ადგილზე სექსუალურ შევიწროებასაც, რაც უფლებადარღვევის ყველაზე გავრცელებული და ამავდროულად დაფარული პრობლემაა. კვლევები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქალების 40-50% სამუშაო ადგილებზე არასასურველ სექსუალურ მოპყრობას, ფიზიკურ კონტაქტს ან სექსუალური ძალადობის სხვა ფორმებს განიცდის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა იზიარებს ევროპის საბჭოს კონვენციის „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ მე-40 მუხლის სულისკვეთებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა სექსუალური შევიწროების დეფინიციისა და აკრძალვისათვის. აღსანიშნავია, რომ კონვენციის რატიფიცირება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

და ბოლოს, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)