სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მცხეთა–მთიანეთის რეგიონის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

2017 წლის 18 მაისს მცხეთა–მთიანეთის რეგიონის სოფლების: მისაქციელის, ქვემო ქანდას, ციხისძირის, ქსოვრისის სკოლის მოსწავლეები ოჯახში ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ესტუმრნენ.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოზარდებთან შეხვედრაზე ოჯახში ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების გამომწვევი მიზეზები, ფორმები, შედეგები და არსებული პრაქტიკა განიხილეს; მოსწავლეებმა თავიანთ რეგიონში არსებულ შემთხვევებზე ისაუბრეს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხშირია, როგორც იძულებითი ქორწინების, ასევე, თავად მოზარდის სურვილით დაოჯახების შემთხვევები. ოჯახში ძალადობის მიმართულებით კი აღნიშნეს, რომ მოსახლეობა ძირითადად არ მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს, რადგან თვლის, რომ ეს არის „ოჯახის საქმე“ და არავინ უნდა ჩაერიოს მასში.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ საქართველოში არსებულ სერვისებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს, „სტამბოლის კონვენციის“ რატიფიცირების მნიშვნელობას, სახალხო დამცველის მანდატს, საქმიანობის მიმართულებებისა და მომართვიანობის შესაძლებლობებს.

შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველისა და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტის თანამშრომლობით გაიმართა.

საქართველოს სახალხო დამცველი კვლავ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, რაც ამ პრობლემების გადასაჭრელად მიმართული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება