სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქუთაისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის მონიტორინგი განახორციელა

2016 წლის 12 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა ქუთაისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების – თავშესაფრის მონიტორინგი განახორციელა, რომელსაც ადმინისტრირებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი უწევს.

მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა თავშესაფარში არსებული მდგომარეობის შესწავლა, ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და ბენეფიციართა საჭიროებების შეფასება. მონიტორინგისას სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გამოკითხეს თავშესაფრის ადმინისტრაცია და მომსახურების მიმღები პირები, ვიზუალურად დაათვალიერეს და შეაფასეს თავშესაფარში არსებული პირობები.

მონიტორინგის პირველადი შედეგები ცხადყოფს, რომ თავშესაფარში კეთილსაიმედო გარემოა შექმნილი. მომსახურების მიმღები პირები პოზიტიურად აფასებენ მიწოდებულ სერვისსა და მათდამი მოპყრობას. მისასალმებელია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოიყო ძიძის შტატი, რაც დადებითად აისახა ბენეფიციართა თვითრეალიზაციის შესაძლებლობებზე. აღსანიშნავია ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობის წარმატებული პრაქტიკაც, ვიზიტისას თავშესაფარში განთავსებული 5 სრულწლოვანი პირიდან 4 სწორედ თავშესაფრის ხელშეწყობით დასაქმდა.

ხაზგასასმელია ის მიგნებებიც, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მონიტორინგისას თვალსაჩინო იყო კვების მიმართულებით არსებული პრობლემები. კერძოდ, დღის მენიუ შედგენილი იყო ფორმალურად და მასში გათვალისწინებული ზოგიერთი საკვები თავშესაფარში არსებულ მარაგში საერთოდ არ აღმოჩნდა. ამასთან, მალფუჭებად რძის პროდუქტებზე (არაჟანი, ხაჭო) არ იყო მითითებული ვადები, უფრო მეტიც, მარაგში ინახებოდა პროდუქტი (მაწონი), რომლის მოხმარების ვადაც რამდენიმე დღის წინ იყო გასული. ამავდროულად, ადგილზე არსებული მარაგის შემოწმებისას არ აღმოჩნდა ბავშვთა კვებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტები (მაგ. ყველი, რძე, კარაქი, მრავალფეროვანი ბოსტნეული).

რაც შეეხება თავშესაფრის ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებულ პრობლემებს, ყველა ოთახი არ არის უზრუნველყოფილი კონდიცირებით, აბაზანაში დაცული არაა პრივატულობა საშხაპე კაბინებს შორის, თავშესაფრის სრული დატვირთვის შემთხვევაში სველი წერტილების რაოდენობა არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტს. ამასთან, დასახვეწია ფიზიკური გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ, თავშესაფარი ადაპტირებულია მხოლოდ ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის, თუმცა არასრულყოფილად (მაგ. შშმ პირი ვერ შეძლებს დამოუკიდებლად საპირფარეშო ოთახით სარგებლობას).

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების შეფასებას, სერვისის შემდგომი დახვეწის მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)