სიახლეები

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ოჯახში ძალადობის საკითხზე სახალხო დამცველის წინადადება შეასრულა

საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 23 აგვისტოს წინადადების შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გვეცნობა, რომ 2016 წლის 1 სექტემბერს დაიწყო გამოძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაზარალებულად იქნა ცნობილი ც.წ. და უზრუნველყოფილი იქნა ჯანმრთელობის დაცვისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

განმცხადებლის ინფორმაციით, ც.წ. წლების განმავლობაში განიცდიდა ძალადობას ძმის მხრიდან. ადგილი ჰქონდა მის მიმართ ფიზიკურ და ეკონომიკურ ძალადობასა და უგულებელყოფას. ც.წ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროებოდა სპეციფიკური მკურნალობის კურსი და სტაციონარიზაცია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოძალადე სარგებლობდა მისი პენსიით, არ სურდა შესაბამისი საჭიროებების დაკმაყოფილება.

აღსანიშნავია, რომ წინადადების მომზადებამდე საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან შეტყობინება განხორციელდა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისადმი. სოციალური მომსახურების სააგენტო ადასტურებდა ძალადობის, მათ შორის, შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტის არსებობას, ხოლო სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ვერ შესძლეს ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება.

პოლიციის ორგანოსთვის ძალადობის არარსებობის დასადგენად საკმარისი აღმოჩნდა სავარაუდო მოძალადესთან გასაუბრება, რომლის მხრიდანაც, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ძალადობის ფაქტების უარყოფა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყურადღების მიღმა დარჩა ინფორმაცია, რომელსაც დაზარალებულის მეზობლები ფლობენ, დაზიანებები, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლს აღენიშნებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, ასევე, არ ჩანდა, გამოიკითხეს თუ არა თავად მსხვერპლი. რაც მიუთითებს სამართალდამცავთა უნარ-ჩვევების ამაღლების საჭიროებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის დასადგენად.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ეფექტიან და დროულ რეაგირებას, რაც მნიშვნელოვანია ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება