სიახლეები

სახალხო დამცველი „ქალთა გაძლიერების ქსელის“ წევრებს შეხვდა

2019 წლის 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე პროექტ „ქალთა გაძლიერების ქსელის“ წევრებს შეხვდნენ და ქვეყანაში გენდერული თანასწორობის საკითხები და სახალხო დამცველის მანდატი განიხილეს.

სახალხო დამცველმა მოკლედ ისაუბრა ქალთა უფლებების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ადრეული ქორწინების, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის სირთულეებზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი.

დიალოგის რეჟიმში წარმართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სტერეოტიპებისგან თავის დაღწევის მექანიზმებზე, მათ შორის, ბავშვის მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებზე. ქსელის წევრი ახალგაზრდები გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველისადმი მომართვიანობის მასშტაბითა და სახალხო დამცველის მანდატით დაინტერესდნენ.

პროექტი „ქალთა გაძლიერების ქსელი“ ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის" ინიცირებითა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო მისი მიზანია ერთმანეთს დაუკავშიროს წარმატებული ქალები და მომავალი ლიდერი ახალგაზრდები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება