სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრები თელავისა და ყარაჯალას სკოლებში

2017 წლის 24 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რეგიონულ დეპარტამენტთან ერთად, თელავისა და ყარაჯალას საჯარო სკოლებში ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები ოჯახში ძალადობასა და ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით. საინფორმაციო შეხვედრებს მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში ქორწინების და ოჯახში ძალადობის თემაზე. შეხვედრაზე განხილული იყო ადრეულ ასაკში ქორწინების ფორმები, თანმდევი რისკები და გამომწვევი მიზეზები. ასევე ოჯახში ძალადობის ფორმები და დაცვის მექანიზმები. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებებისა და არსებული სერვისების შესახებ.

თელავის N1 საჯარო სკოლაში შეხვედრის დროს, მონაწილეებმა განიხილეს ოჯახში ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევები, და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს იმ რისკებზე, რაც ადრეულ ქორწინებას ახლავს თან. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საკმაოდ კარგად იცნობდნენ ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ კანონმდებლობას და კრიტიკულად ერთვებოდნენ რიგი საკითხების განხილვის დროს.

ყარაჯალას საჯარო სკოლაში შეხვედრისას, მოსწავლეები განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ სტატისტიკური მონაცემებით და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების საშუალებებით. რამდენიმე მოსწავლემ ხაზი გაუსვა მათ თემში გარიგებით და იძულებითი ქორწინების პრაქტიკას.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, კვლავ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება