სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გენდერული თანასწორობის საკითხებზე

2017 წლის 26 და 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის და რეგიონულ დეპარტამენტების თანამშრომლებთან ერთად, ნინოწმინდის, ახალქალაქის და ახალციხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

საინფორმაციო შეხვედრების მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების განხილვა. ასევე საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობის კუთხით საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობასა და ქალთა მიმართ და ქვეყანაში ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ სერვისებს.

შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ კვლავ გამოწვევას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპების დაძლევა. ქალები ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას თავიანთი უფლებების შესახებ. განსაკუთრებით მწვავედ დგას ქალთა ქონებრივი უფლებების, განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის საკითხი. ქალები და გოგონები საზოგადოებრივი თავშეყრის და გასართობ ადგილებს ნაკლებად სტუმრობენ, რის მიზეზადაც გენდერულ როლებზე გავრცელებული სტერეოტიპები სახელდება.

რეგიონში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, ენის ბარიერის გამო სერვისებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. პრობლემას ამძიმებს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე საზოგადოების სტერეოტიპული და გულგრილი დამოკიდებულება. გამოიკვეთა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა რეგიონში ნაკლებად დგას, თუმცა უმეტესად ამ ნაბიჯს არასრულწლოვნები სამომავლო პერსპექტივების არ არსებობის გამო დგამენ.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, კვლავ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას ქალთა და გოგონათა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიების და ცნობიერების ამაღლების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)