სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრები მაღალმთიან აჭარაში ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე

2015 წლის 1–3 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარის 4 მუნიციპალურ ერთეულში (ბათუმი, ხულო, შუახევი, ქედა) ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.

საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავდა რეგიონში არსებული ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვას. შეხვედრებზე მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებლები, სოციალური მუშაკები, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ახალგაზრდები და თემით დაინტერესებული სხვა პირები.

მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ადრეულ ასაკში ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ასპექტებზე, ასევე, დისკუსიის მიმდინარეობისას ისაუბრეს რეგიონში არსებულ პრობლემებზე, მათ გამომწვევ ფაქტორებსა და თანმდევ შედეგებზე.

შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემა კვლავ ტაბუდადებულ საკითხად რჩება. მასზე არ საუბრობენ და შესაბამისად, იდენტიფიცირებულ შემთხვევათა რაოდენობა კვლავ მცირეა. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. ხოლო იძულებითი ქორწინების შემთხვევებს საერთოდ არ აქვს ადგილი.

საინფორმაციო შეხვედრებმა აჩვენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებები და ხელი შეეწყოს საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობისადმი.

ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ტექნიკური მხარდაჭერით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)