სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრები კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში

2017 წლის 25 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმასა და აღაიანის საჯარო სკოლებში ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს.

შეხვედრას ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, დამსწრეთა მაღალი მაჩვენებელი. სოფელ ფერმის საჯარო სკოლაში შესაძლებელია მხოლოდ 9 კლასის განათლების მიღება და მისასალმებელია, რომ სკოლის დირექტორის ინიციატივით 2017 წლიდან სოფელ ფერმის მოსწავლეებს გამოეყოთ უფასო ტრანსპორტი, რათა შეძლონ ახლომდებარე სოფლებში სწავლის გაგრძელება.

შეხვედრზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ადრეულ ასაკში ქორწინების რისკებზე, ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და საზოგადოებაში დამკვიდრებულ გენდერულ როლებზე; გაეცნენ ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებულ კანონმდებლობას; ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის და გენდერული მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის სერვისების შესახებ.

დისკუსიაზე განიხილეს იძულებითი ქორწინების შემთხვევები, თუმცა ხაზი გაუსვეს კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს და აღნიშნეს, ამ ცვლილებებმა ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების შემცირება გამოიწვია. სოფელი ფერმის საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ხშირია ნიშნობის ფაქტები, თუმცა სოფელში ამას პრობლემად არ აღიქვამენ.

სახალხო დამცველის ოფისი გეგმავს სოფელ ფერმაში, სასულიერო პირების ჩართულობით, ჩაატაროს საინფორმაციო შეხვედრა სკოლის მოსწავლეთა მშობლებისათვის, რომელსაც ორგანიზებას გაუწევს სოფელი ფერმის საჯარო სკოლა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)