სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრები ბოშათა თემში

2017 წლის 7-11 და 14 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, კახეთის ბოშათა ორგანიზაცია „რომა“–ს ხელმძღვანელ ვენერა მარტყოფლიშვილთან ერთად, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში (დედოფლისწყარო, თელავი, გაჩიანი) ადრეულ ასაკში ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

ბოშათა თემის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, სიტუაციას ამწვავებს ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმებთან დაკავშირებით არაინფორმირებულობა. სტერეოტიპული დამოკიდებულებების სიმყარე ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს და სახელმწიფოს მხრიდან მეტი ძალისხმევის მიმართვას მოითხოვს.

გამოწვევას წარმოადგენს რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობისა და უფლებების მდგომარეობა. თემში არაა მიღებული ოჯახის დაგეგმვის პრაქტიკა, საკმაოდ დაბალია ცნობიერების დონე კონტრაცეპციის მეთოდების შესახებ. აღნიშნული მიმართულებით მთავარ გამოწვევად ინფორმაციის არ ქონა და ჯანდაცვის არსებულ სერვისებზე დაბალი ხელმისაწვდომობაა, რაც თავის მხრივ, ორსულობის ექიმთან ვიზიტისა და კონსულტაციის გარეშე წარმართვას და ხშირად სახლში მშობიარობასაც განაპირობებს.

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებების, ქვეყანაში არსებული დაცვისა და დახმარების სერვისებისა , ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის შესახებ.

შეხვედრები ჩატარდა სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივი პროექტის ,,სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები“ ფარგლებში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ციკლს ბოშათა თემში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)