სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში ადრეულ ასაკში ქორწინების თემაზე

2017 წლის 29 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონულ დეპარტამენტთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ საბირქენდისა და თაქალოს საჯარო სკოლებში ორი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.

საინფორმაციო შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში ქორწინების თემაზე, რეგიონში ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა. შეხვედრაზე განხილული იყო ადრეულ ასაკში ქორწინების ფორმები, თანმდევი რისკები და გამომწვევი მიზეზები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყანაში არსებული სერვისების შესახებ. მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ადრეული ქორწინების შემთხვევებისა და არასრულწლოვანი მშობლების სტატისტიკა.

განსაკუთრებულად უნდა გავუსვათ ხაზი დისკუსიაში მოსწავლეების აქტიურ ჩართულობასა და თემით დაინტერესებას. შეხვედრაზე გაიხსენეს არაერთი ადრეული ქორწინების შემთხვევა და ხაზი გაუსვეს იძულებითი ქორწინების პრაქტიკას. როგორც მოსწავლეებმა, ასევე, სკოლის მასწავლებლებმა სურვილი გამოთქვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ჩაეტარებინათ მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მშობლებისთვის, რადგან ძირითადად მშობლები არიან ადრეული ქორწინების ინიციატორები.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, კვლავ აგრძელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო შეხვედრების ციკლს ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება