სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით

2017 წლის 23 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა, რეგიონულ დეპარტამენტთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სექსუალური შევიწროების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო საკრებულოს თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება დასაქმების ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების თემაზე.

შეხვედრის მიმდინარეობისას, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა განმარტეს, თუ რას წარმოადგენს სექსუალური შევიწროება, რა ფორმებით ვლინდება, რა მითები არსებობს და როგორია რეგულაციები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ასევე, საკრებულოს თანამშრომლებს გააცნეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ელექტრონული კურსი სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელიც სახალხო დამცველის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი და ესაუბრნენ აღნიშნული კურსის გავლის მნიშვნელობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ საკრებულოს თანამშრომლები ნაკლებად ფლობდნენ ინფორმაციას დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების, მისი ფორმებისა და შედეგების შესახებ. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ საქართველოში ამ კუთხით არსებული სტატისტიკით, სასამართლო პრაქტიკითა და სექსუალური შევიწროებისგან დაცვის მექანიზმებით.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი კვლავ განაგრძობს მუშაობას დასაქმების ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიმართულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება