სიახლეები

საჯარო დისკუსია მარნეულში: ადრეული ქორწინების შედეგად გამოწვეული პრობლემები და პრევენციის გზები

22 იანვარს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სხილაძე გაუძღვა საჯარო დისკუსიას ადრეული ქორწინების შედეგად გამოწვეული პრობლემებისა და პრევენციის საკითხებზე. შეხვედრას სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 70-მდე ადგილობრივი მოსახლე ადრეული ქორწინების სამართლებრივ ასპექტებს, მიზეზებსა და არსებულ გამოწვევებს გაეცნო. განიხილეს სახალხო დამცველის პრაქტიკა და სტატისტიკური მონაცემები სკოლის მიტოვების ფაქტებისა და ადრეული ქორწინებების შესახებ.

საჯარო დისკუსიაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ პრობლემებზე. მონაწილეთა განცხადებით, ადრეული ქორწინების მთავარი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.

საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა ქორწინება ადრეულ ასაკში, დღემდე მოუგვარებელი საკითხია, გოგონათა უფლებების დაცვის სფეროში. ადრეული ქორწინების კუთხით საქართველოს მონაცემები საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად არის მიჩნეული. 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება, რისი მიზეზიც, უმრავლეს შემთხვევაში, ადრეული ქორწინებაა. განათლების შეწყვეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქვემო ქართლის რეგიონში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)