სიახლეები

ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა საქართველოში ვიზიტის ანგარიში წარმოადგინა

2016 წლის 17 ივნისს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 32–ე სესიაზე ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა საქართველოს თაობაზე ანგარიში წარმოადგინა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ისაუბრა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობის დეფინიციის განსაზღვრის და საკანონმდებლო სივრცის დახვეწის მნიშვნელობაზე. ამასთან, ისაუბრა ფემიციდის შემთხვევების შესწავლისა და მონიტორინგის მნიშვნელობაზე და დადებითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული მონიტორინგი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე სხილაძემ ისარგებლა ადამიანის უფლებადაცვითი ეროვნული ინსტიტუტებისადმი მინიჭებული უფლებამოსილებით და სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრება წარადგინა.

ეკატერინე სხილაძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის მიმართულებით საქართველოს წინაშე დგას. დადებითად აღინიშნა, ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის ინდიკატორის ზრდა და სერვისების დახვეწა, თუმცა აღინიშნა, რომ არაერთი დაპირების მიუხედავად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება კვლავ არ მომხდარა; ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში განმეორებითი შემთხვევების მართვისა და მონიტორინგის ხარვეზებზე, ასევე, ადრეულ ასაკში ქორწინების მასშტაბებსა და შემთხვევათა იდენტიფიცირებისას არსებულ პრობლემებზე.

აღსანიშნავია, რომ გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების სიღრმისეულ ანალიზს და რეკომენდაციებს. ამასთან, სპეციალური მომხსენებლის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები თანხვედრაშია საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებთან.



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება