სიახლეები

კონკურსი – „ჟურნალისტები ქალთა უფლებებისთვის“

2014 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა კონკურსის ჟურნალისტებისთვის – „ჟურნალისტები ქალთა უფლებებისთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ჟიურის გადაწყვეტილებით I ადგილი წილად ხვდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს სტატიისათვის „ძალადობა, როგორც კულტურის ნაწილი“; II ადგილზე გავიდა ია მერკვილაძე ბლოგისთვის „უფულოები და უოთახოები“ – ნეტგაზეთი და III ადგილი ჟურნალ ლიბერალის ჟურნალისტებმა სოფო აფციაურმა და თათია ხალიანმა მიიღეს სტატიისთვის „ქალები ძალადობის უწყვეტ ციკლში“.

„მედია საშუალებების მთავარ როლს ინფორმაციის გავრცელება და თითოულ მოქალაქემდე თანასწორუფლებიანობის პრინციპების სწორად მიტანა წარმოადგენს; იმის განმარტება, თუ რა არის გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები, სად და რა ფორმით გვხვდება უთანასწორობა საზოგადოებაში და რამხელა ზიანის მომტანია ის თითოეული ჩვენგანისათვის.

იმედს ვიტოვებ, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიმართულებით მედიასაშუალებების ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან, სწორედ, ინფორმაციის გავრცელებით იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები. მედიას კი, შეუძლია საზოგადოების ყურადღება ზუსტად იმ თემებს მიაპყროს რომელთა მოგვარებაც ძალიან ბევრი ადამიანის კეთილდღეობას განაპირობებს, განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ღონისძიების გახსნაზე.

კონკურსის მიზნები იყო ქართულ მედიაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება;გენდერული პრობლემების გასაშუქებლად ჟურნალისტთა წახალისება; გენდერულ საკითხებზე სიუჟეტის მომზადებისას/წერისას ეთიკური სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ყველა ჟურნალისტს, ვინც მონაწილეობა მიიღო კონკურსში; ვისთვისაც ძვირფასია ადამიანთა თანასწორუფლებიანობის იდეა და ვინც ყოველდღიურ საქმიანობაში ცდილობს ამ იდეის საზოგადოებამდე მიტანას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა და სერთიფიკატები გადასცა კონკურსში მონაწილე 28 ჟურნალისტს.

ღონისძიება ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ მხარდაჭერით გაიმართა.

იხილეთ ღონისძიების ფოტოგალერეა

იხილეთ ღონისძიების ვიდეოჩანაწერი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)