სიახლეები

განცხადება ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

29 ნოემბერს სრულიად მსოფლიო აღნიშნავს ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, რომელიც 2004 წლიდან ქალთა უფლებების დამცველთა ღვაწლისა და მათი უშიშარი ბრძოლის აღსანიშნავად დაწესდა.

საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს და გამოხატავს პატივისცემას საქართველოსა და მსოფლიოში მოღვაწე ქალთა უფლებების დამცველთა მიმართ.

იყო ქალთა უფლებების დამცველი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან გიწევს ისაუბრო ტაბუდადებულ თემებზე, დაარღვიო დუმილის კულტურა, შეცვალო საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული შეხედულებები და ისაუბრო ძალადობაზე, შიშსა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც ქალები ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში განიცდიან. მსოფლიო მასშტაბით უამრავი ქალთა უფლებების დამცველი განიცდის შევიწროებასა და ძალადობას მათი საქმიანობის გამო.

ამ დღის აღნიშვნისას არ უნდა დაგვავიწყდეს ქალთა უფლებების დამცველთა განუზომელი წვლილი, რომელიც მათ შეაქვთ სახელმწიფოთა დემოკრატიული განვითარების, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების საკითხში. რთულია დაიცვა სხვათა უფლებები, იყო აქტიური და იბრძოლო თანასწორობისათვის, თუ შენი საქმიანობის გამო განიცდი შიშსა და ზეწოლას, ხდები საზოგადოებიდან გარიყვის მსხვერპლი.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქალთა უფლებებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველად სწორედ ფემინისტებმა მისცეს ბიძგი ამ დისკურსის დაწყებას. პირველად მათ აიმაღლეს ხმა ქალთა ჩაგვრასა და უთანასწორო მოპყრობაზე ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზას, რასაც გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის ბრძოლა ჰქვია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ქალთა უფლებადამცველების როლი, როდესაც ასეთი მაღალია ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი. მხოლოდ მიმდინარე წელს 20-ზე მეტი ქალი იქნა მოკლული პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მიერ. საზოგადოებაში კვლავ დამკვიდრებულია სტერეოტიპული შეხედულებები ქალის როლის შესახებ და ქალთა ხმა გათვალისწინებული არ არის გადაწყვეტილების მიღებისას.

მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს ქალთა ფონდის მიერ საქართველოში დაარსდა პრემია ქალთა უფლებადამცველებისათვის და აღნიშნული ინიციატივით ეს დღე დაუკავშირდა მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის კატო მიქელაძის სახელს, რომელმაც განათლება ევროპაში მიიღო და შემდგომ მთელი თავისი ცხოვრება იღვწოდა, რათა გაეღვიძებინა ქალებში ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის სურვილი.

ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით 2013 წლის 15 მაისს შეიქმნა გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, შემუშავდა პოლიტიკის განმსაზღვრელი არა ერთი დოკუმენტი და ყოველთვის მოვიაზრებთ ჩვენს თავს ქალთა უფლებების დამცველთა რიგებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)