სიახლეები

განცხადება ქალთა მკვლელობებთან დაკავშირებით

ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოდ მაღალია მიუხედავად ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული არაერთი კამპანიის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარანტიების შექმნის და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციისა.

განსაკუთრებით საყურადღებოა ძალადობის ისეთი სასტიკი ფორმა, როგორიცაა მკვლელობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2013 წელს საქართველოში დაფიქსირდა ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევა, მათ შორის ქმრის მიერ ცოლის - 8, ხოლო შვილის მიერ დედის - 1 შემთხვევა.

პრობლემის არსებობა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მთელი სიცხადით დაგვანახა; წლის განმავლობაში უკვე ათზე მეტი ქალის მკვლელობა მოხდა, ძირითადად მათი მეუღლეების და პარტნიორების მხრიდან. 22 მაისს გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი ოჯახში ძალადობის ფაქტისა და ორსული ქალის მკვლელობის შესახებ. მკვლელობის გარდა, ხშირად მოძალადეები ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის სასტიკი ფორმებს მიმართავენ.

მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოში ქალთა მკვლელობების გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ჭირისუფალს და მთლიანად საზოგადოებას. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ოჯახების ტრაგედია, ესაა მთელი საზოგადოების ტკივილი და პრობლემა, რომელთანაც გამკლავება ვერ შევძელით. დღეს მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ და დავგმოთ ქალთა მიმართ ძალადობა, ვიყოთ შეუწყნარებელნი ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის მიმართ, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი დანაშაული და ქალებმა შეძლონ იცხოვრონ მათთვის მშვიდ, არაძალადობრივ გარემოში.

არსებითია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართ დამკვიდრებული სიჩუმის კულტურის დანგრევა და ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრება შესაბამისი უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და მთლიანად საზოგადოების წარმომადგენლებში. მნიშვნელოვანია გაძლიერდეს საზოგადოებასთან მუშაობა, რათა აღმოიფხვრას არსებული სტერეოტიპული მიდგომები და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში არსებული ბარიერები, რომ მსხვერპლებმა მიიღონ დროული და ეფექტიანი მხარდაჭერა და დახმარება.

განსაკუთრებული შეშფოთება მინდა გამოვთქვა ბოლო დროს ქალთა მკვლელობების შემთხვევების მზარდი ტენდენციის გამო და მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრ დაუყოვნებლივ დაიწყოს და უმოკლეს დროში უზრუნველყოს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საგანგებო სტრატეგიის შემუშავება, რაც არა მხოლოდ მომხდარი ძალადობრივი ფაქტების ეფექტური გამოძიების ჩატარებაზე იქნება კონცენტრირებული, არამედ მაქსიმალურად მოახდენს მსგავსი დანაშაულების პრევენციას.

მოვუწოდებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაძლიერდეს სოციალური მუშაკების როლი და ჩართულობა ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობისას, ამოქმედდეს სოციალური მუშაკის ინსტიტუტი ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის.

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას სიღრმისეულად გააცნობიეროს ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო ტენდენციის მასშტაბები და მიმართოს ყველა ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს საერთაშორისო კონვენციებით აღებული ვალდებულებების განუხრელი შესრულება და შეიმუშაოს შედეგზე ორიენტირებული, ყოვლისმომცველი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.

2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის სათანადო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით 4 წინადადება გააგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აპარატი აგრძელებს მუშაობას და შეისწავლის ყველა შემთხვევას სათანადო რეაგირებისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)