სიახლეები

განცხადება ადრეულ ასაკში ქორწინებებთან დაკავშირებით

საქართველოში კვლავ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს გოგონათა ადრეულ ასაკში ქორწინება, რასაც ხშირ შემთხვევაში იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და მოტაცების ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია. საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილი იყო მთელი რიგი რეკომენდაციები ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხებზე, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.

პრობლემის არსებობა მთელი სიცხადით დაგვანახა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა. თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში გოგონას თვითმკვლელობა სწორედ არასასურველი ნაადრევი ქორწინების თავიდან ასაცილებლად მოხდა. საგანგაშოა შექმნილი ვითარება და მნიშვნელოვანია მთელმა საზოგადოებამ გავითავისოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ყოველწლიურად ათასობით გოგონას ადრეულ ასაკში ქორწინებას, მათ მიმართ არსებულ ძალადობას უკავშირდება.

მოვუწოდებ ყველა შესაბამის უწყებას, გაატარონ აუცილებელი ზომები, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის, გოგონათა დაცვისა და დახმარებისათვის. აუცილებელია ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებმა, მათ შორის მასწავლებლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, ფსიქოლოგებმა, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა გააცნობიერონ თავიანთი როლი და პასუხისმგებლობა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპეტენტური უწყებების ჩართულობა ადრეული ქორწინების ფაქტებზე და მათი მხრიდან ეფექტური რეაგირების მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ ხშირ შემთხვევაში გოგონებმა არც კი იციან ვის მიმართონ, როდესაც მათზე ხორციელდება ზეწოლა.

მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული აქტივობები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მასწავლებლების, მშობლებისა და სამართალდამცავი უწყებების ცნობიერების ამაღლებას ადრეული ქორწინებით გამოწვეული პრობლემებისა და ქვეყანაში არსებული სამართლებრივი რეგულაციების შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)