სიახლეები

მრგვალი მაგიდა გენდერული თანასწორობის თემაზე

2010 წლის 7 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის “სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება“ პროექტის მხარდაჭერით გაიმართა მრგვალი მაგიდა გენდერული თანასწორობის თემაზე.

სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობებისა და რელიგიათა საბჭოების წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეს რუსუდან კერვალიშვილს.

შეხვედრაზე განიხილეს ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წარმომადგენელთა გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციასა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2010–2013 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულობის გააქტიურების საკითხი.

შეხევდრაზე სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა მხარდაჭერა სახალხო დამცველის ოფისისთვის დიდი ხანია გაცდა მხოლოდ ინფორმაციისა და სტატისტიკის შეგროვების სფეროს და გამოიხატება მათ ყოველმხრივ გაძლიერებაში, რათა სრულად იყოს დაცული მათი სამოქალაქო და პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული უფლებები.

“დღევანდელი შეხვედრაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა რელიგიათა წარმომადგენელთა მიმართ, რომლებიც არა მხოლოდ ინფორმირებულნი უნდა იყვნენ გენდერული თანასწორობის თემაზე, არამედ აქტიურად ჩაერთონ გენდერული თანასწორობის მიღწევის გეგმის შემუშავებასა და იმპლემენტაციაში, სადაც ზედმიწევნით უნდა აისახოს მათი საჭიროებები და შეხედულებები” – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ რუსუდან კერვალიშვილმა სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ აქტიურად ითანამშრომლებს ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე გაეროს განვითარების პროგრამამ წარმოადგინა კვლევა “გენდერი და საზოგადოება – საქართველო”, ხოლო ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს გენდერულმა კომისიამ წარმოადგინა კვლევა “გენდერის საკითხის ჩართვა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის სამოქმედო გეგმაში”.

დასასრულს გაიმართა დისკუსია და სტუმრებმა მოისმინეს ეთნიკური უმცირესობებისა და რელიგიათა საბჭოების წევრთა მოსაზრებები გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციისა და 2010–2013 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება