სასამართლო მეგობრის მოსაზრება

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება გაიზიარა

2017 წლის 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცრუ დასმენასა და ცრუ ჩვენებაში ბრალდებული გ.ო.–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ სრულად გაიზიარა სახალხო დამცველის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია პატიმრის პასუხისგებაში მიცემა მის მიერ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული (თუნდაც ცრუ) ინფორმაციის გამო.

სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ სახალხო დამცველისთვის (თუნდაც ცრუ) ინფორმაციის მიწოდების გამო, პატიმრის დამატებით პასუხისგებაში მიცემის პრაქტიკა ეწინააღმდეგება წამების აკრძალვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. დანაშაულის ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაში პატიმრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება „მსუსხავი ეფექტის“ მატარებელი იქნებოდა და მკვეთრად შეზღუდავდა პატიმართა ნდობას სახელმწიფო სტრუქტურებისადმი.

2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენში სასამართლომ გაითვალისწინა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა განსაკუთრებული, მოწყვლადი მდგომარეობა და მიუთითა, რომ „[მათი] დასჯის დაუცხრომელმა სურვილმა არ უნდა გამოიწვიოს „მახინჯი პრაქტიკის“ ჩამოყალიბება,“ რომელიც დააბრკოლებდა ამ კატეგორიის პირთა უფლებებისა და სამართლებრივი ინტერესის დაცვას.

სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქვამს, რომ იგი ხელს შეუწყობს ქართული მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება