სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

სახალხო დამცველმა კერძო კომპანიაში სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

2019 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენდა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს, მოპასუხე კომპანიაში მუშაობის პერიოდში, ხელმძღვანელი პირი სექსუალურად ავიწროებდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახური.

საქართველოს სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად მიიჩნია აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენა, ვინაიდან, დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა - სექსუალური შევიწროება დღეს საქართველოში არსებითი გამოწვევაა. ერთი მხრივ, ახალია საქართველოს საკანონმდებლო ბაზა, მეორე მხრივ კი, მწირია სასამართლოს პრაქტიკა, რამაც შესაძლოა გაართულოს საქმის განხილვა. ამასთან, სექსუალური შევიწროების დადგენის სამართლებრივი ტესტი განსხვავებულია პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის გამოსავლენი ტესტებისგან.

საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე, სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა სექსუალური შევიწროების ცნების, ფაქტის გამოვლენის ტესტის, მათ შორის, ლეგიტიმურ მიზანთან და შესადარებელ სუბიექტთან დაკავშირებულ სპეციფიურ საკითხებზე და მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)