სასამართლო მეგობრის მოსაზრება

საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება პროფესიასთან დაკავშირებული გენდერული როლების შესახებ

2019 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა გენდერის ნიშნით სავარაუდო შევიწროებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს.

განმცხადებელი არის ქალი, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სპორტულ გაერთიანებაში დასაქმებული იყო ძიუდოს მწვრთნელის პოზიციაზე. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ განმცხადებელი ხელმძღვანელი პირების მხრიდან არის სამუშაო ადგილზე შევიწროების მსხვერპლი.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ განმცხადებლის შრომითი უფლებების შეზღუდვა შესაძლოა გამოწვეული იყოს მისი შეუსაბამო ქცევით პროფესიასთან დაკავშირებულ, მცდარი სტერეოტიპებით განპირობებულ გენდერულ როლებთან, რაც გენდერის ნიშნით დისკრიმინაციად უნდა იქნეს მიჩნეული. საერთაშორისო აქტების და საქართველოს სასამართლოების პრეცედენტული სამართლის ფონზე, სახალხო დამცველმა ასევე მიმოიხილა სამუშაო ადგილზე შევიწროებასთან დაკავშირებული სტანდარტები.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროფესიებთან და გენდერულ როლებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და წინასწარგანწყობების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად მიიჩნია, აღნიშნულ დავაზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარედგინა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება