საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2016 წლის მაისი

2016 წლის 7 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა მაისის თვის საინფორმაციო ბიულეტენი გამოსცა. ბიულეტენში ასახულია მაისის თვეში მომზადებული 4 სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია, 3 ტრენინგი, სხვადასხვა დახურული ინსტიტუციების მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგები, 10 რეკომენდაცია, სახალხო დამცველის საჯარო განცხადებები ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ბიულეტენში იხილავთ ინფორმაციას სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ, მათ შორის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში, საქართველოს პერიოდული ანგარიშების განხილვაზე, დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების თაობაზე სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიშის შესახებ.

ბიულეტენში შესულია სახალხო დამცველის აჭარასა და სამეგრელოში გამართული შეხვედრები მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. განხილულია რეგიონში არსებული განსაკუთრებით მწვავე პრობლემები.

გაეცნობით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მოსმენაზე განვითარებულ მოვლენებს, ანგარიშში შესული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

ასევე შეიტყობთ სახალხო დამცველის პოზიციას ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე აფხაზი ე.წ. მესაზღვრეების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან და ზოგადად გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ნარკოპოლიტიკის თემაზე, ქუთაისში ჩატარებულმა საჯარო დებატებმა, დამსწრეთ დიდი ინტერესი გამოიწვია.

სხვა საკითხებთან ერთად, სახალხო დამცველის ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენი მოიცავს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამართულ ღონისძიებებს და საქართველოს სასარგებლოდ მიღებული დადგენილებებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება