საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი - პერიოდული გამოცემა, 2014 წლის აპრილი

ბიულეტენში წარმოდგენილია აპრილის მნიშვნელოვანი მოვლენები და სახალხო დამცველის აპარატის აქტივობები. შეგიძლიათ იხილოთ წინადადებები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი, სახალხო დამცველის საკანონმდებლო საქმიანობა, დაგეგემილი ღონისძიებები, აპარატის სიახლეები და საერთაშორისო საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მიმდინარე ცვლილებები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახალხო დამცველის ვიზიტზე დასავლეთ საქართველოში. ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში ასზე მეტ ადამიანთან პირადმა შეხვედრამ გამოკვეთა სამწუხარო ტენდენცია იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებს არასწორი ან დაგვიანებული კომუნიკაცია აქვთ მოქალაქეებთან და ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების გაჭიანურება კიდევ მეტად ამძიმებს მდგომარეობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლის პირველი პუნქტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების შრომის უფლებას ლახავს და რაც მთავარია, უზღუდავს მათ გასაჩივრების უფლებას. სახალხო დამცველის აზრით, კანონის ეს დანაწესი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ამიტომაც მიმართა მან საკონსტიტუციო სასამართლოს.

მისასალმებელია, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, სახალხო დამცველის ოფისი მთავარი საზედამხედველო ორგანო გახდა, თუმცა სამწუხაროა, რომ პარლამენტმა არ გაიზიარა სახალხო დამცველის არსებითი შენიშვნები, რაც დისკრიმინაციის აღმოფხვრის ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბებას ეჭვქვეშ აყენებს.

სახალხო დამცველის უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე TV3-ის ჟურნალისტების დაკავების ფაქტმა. ეს ის შემთხვევაა, როცა საქართველოს ხელისუფლებამაც და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც ყველა შესაძლო ზომებს უნდა მიმართონ ამ მანკიერი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)